logo
ENG



კობახიძე აქციების დარბევისას მოქალაქეებზე ძალადობას კვლავ "ცალკეულ შემთხვევებს" უწოდებს

26 დეკ 202423:52
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე აქციების დარბევისას მოქალაქეებზე ძალადობას კვლავ "ცალკეულ შემთხვევებს" უწოდებს

დე ფაქტო პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეებზე სისტემურ ძალადობასა და მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კვლავ "ცალკეულ შემთხვევებს" უწოდებს. პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის ეთერში კობახიძემ თქვა, რომ ამ შემთხვევებზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არ უხსენებია ის, რომ ამ დრომდე ძალის გადამეტების ბრალდებით შსს-ს არც ერთი თანამშრომელი არ გამოვლენილა ან არ დაუკავებიათ.

"ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მსხვერპლი აგვეცილებინა თავიდან და არამარტო მსხვერპლი, არამედ ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი აგვეცილებინა თავიდან. ეს მთავარი ამოცანა არის შესრულებული და ეს არის შსს-ს დამსახურება. რაც შეეხება ცალკეულ გადაცდომებს, რაც ძალიან უსიამოვნო იყო, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და რა თქმა უნდა ეს გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს", - თქვა კობახიძე.

28 ნოემბრის აქციების დაწყების შემდეგ შსს-მ ასობით ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის წესით. აქციების დარბევისას უწყებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი, თუმცა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ე.წ. რობოკოპების თუ გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ძალადობა მოქალაქეებზე. არაერთი ვიდეო თუ ფოტომასალა არსებობს, სადაც ჩანს, რომ შსს-ს თანამშრომლები ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს. გარდა ამისა, არაერთი დაკავებული ყვება, რომ დაკავების შემდეგ მათზე ფიზიკურად იძალადეს, დაემუქრნენ და ღირსების შემლახავად ეპყრობოდნენ.

აქციაზე დაკავებულებმა მიიღეს ტვინის შერყევა, ცხვირის, სახის ძვლების და კიდურების მოტეხილობა და სხვა ტრავმები. არაერთი მოქალაქე ყვება, რომ მათი დაკავება მოხდა მოგონილი ბრალდებით, ხოლო პოლიციელები სასამართლოში ცრუ ჩვენებას აძლევდნენ. 

ამასთან, დაფიქსირდა თავდასხმისა და ძალადობის არაერთი შემთხვევა მედიის წარმომადგენლებზე. 

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციისა და სხვა ძალების ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა.

ამავეზე მიუთითებს საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch. 

ამ დრომდე შსს-ს არც ერთი თანამშრომელი არ დაკავებულა. 


close დახურვა